პროექტის შესახებ

"სახელმწიფოს ფასი" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ახალი, ინოვაციური პროექტია, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  პროგრამის "საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება" (G-PAC) ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. 

გადასახადის გადამხდელი ზოგადად, და მათ შორის საქართველოშიც, არის არა მხოლოდ დასაქმებული (რომელიც იხდის საშემოსავლო გადასახადს), ან ბიზნესმენი, არამედ ყველა მომხმარებელი, რომელიც ნებისმიერი შენაძენისას არაპირდაპირად გადასახადის გადამხდელია. საქართველოს გადამხდელებისთვის პრაქტიკულად უცნობია, თუ მათ მიერ გადახდილი გადასახდელებიდანრა თანხები მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და შემდეგ, როგორც იხარჯება ეს თანხები. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოება არა არის ინფორმირებული კონკრეტულად მის მიერ სახელმწიფოს არსებობისთვის გაწეულ რეალურ დანახარჯზე, ანუ მის მიერ გაღებულ ე.წ. „სახელმწიფოს ფასზე“. საზოგადოების ცალკეული წევრი, მოითხოვს რა ამა თუ იმ სახელმწიფო მომსახურებას, იზიარებს თუ არ იზიარებს ამა თუ იმ საბიუჯეტო პრიორიტეტს, ვერ აცნობიერებს, თუ რა ფინანსური ტვირთი ეკისრება ამ მომსახურების მიღებისთვის მას უშუალოდ.

  • გაინტერესებს რამდენია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი?
  • რამდენს აგროვებს სახელმწიფო გადასახადების სახით ყოველწლიურად?
  • რამდენი გვმართებს?
  • რამდენს იხდი ჯანდაცვის, განათლების ან სხვა პროგრამების, ვალის მომსახურების, ან საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაში?
  • რამდენს მუშაობ შენთვის და რამდენს სახელმწიფოსთვის?
  • რამდენს იხდი რეალურად იმ მომსახურებაში, რომელსაც სახელმწიფო „უფასოს“ უწოდებს?

ვებ-გვერდი - სახელმწიფოს ფასი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ პასუხი ამ კითხვებზე. ამ ვებ-გვერდზე განთავსებულია ერთად თავმოყრილი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებისა და საჯარო სტრუქტურების ვებ-გვერდებზეა მიმოფანტული, ან საჭიროა მისი გამოთხოვა ფინანსთა სამინისტროდან. მონაცემები წარმოდგენილია სისტემატიზირებულად და იოლი გამოსაყენებელია მომხმარებლისთვის.

ამასთანავე, ინოვაციურია საბიუჯეტო დანახარჯების ანალიზი ერთ სულ მოსახლეზე და ერთ დასაქმებულზე, რაც საშუალებას იძლევა შევაფასოთ სახელმწიფოს ნამდვილი „ტვირთი“ თითოეული მოქალაქისა და თითოეული დასაქმებულისთვის.

კვლევის ამგვარი პრაქტიკის დანერგვა და საზოგადოებისთვის მათთვის გასაგები ფორმით მიწოდება დაეხმარება მოქალაქეებს გაიაზრონ საკუთარი ფინანსური როლი სახელმწიფოში, რაც თავის მხრივ გაზრდის მათ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. დაინტერესებულ პირს შეეძლება იხილოს საბიუჯეტო დანახარჯების დაფინანსების წყაროები, შეაფასოს მათი აუცილებლობა, გაანალიზოს ამ დანახარჯების ეკონომიკური მიზანშეწონილობა. ამგვარად, პროექტის მიზანია მოქალაქეებისთვის ცოდნის გაღრმავება და ინფრომაციის მიწოდება, რათა მათ შეძლონ აქტიურად და კრიტიკულად ჩაერთონ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე - ფორმირება, გადანაწილება, შესრულება და მონიტორინგი. საბიუჯეტო პროცესების და სამთავრობო პრიორიტეტების სწორად აღქმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისა და ანგარიშვალდებული მთავრობისაკენ.

პროექტი წარმოადგენს სლოვაკური www.priceofthestate.org ქართულ ანალოგს, რომელიც სლოვაკეთში განხორციელდა ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (INESS) მიერ.